შესავალი
ამბის მოყოლა შეიძლება სიტყვებით და ძირითადად ადამიანები სწორედ ამ ფორმით ვცვლით ერთმანეთში ისტორიებს, მაგრამ თუკი კაცობრიობის ისტორიას გადავავლებთ თვალს დავინახავთ, რომ უამრავი ამბავი გამოსახულებით იყო მოყოლილი. სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მიერ შექმნილი კედლის მხატვრობა სიტყვებით გამოუთქმელი იდეების ნახატებით მოყოლის მცდელობაა. რასაც სიტყვები აუბრალოებს, ღვთაებრივ იერს აკარგვინებს, ნახატი ღრმა შინაარს, ენით გამოუთქმელ იერს ანიჭებს. მოხატული ტაძარი, ნახატების გამოფენისგან განსხვავებით ერთგვარი წიგნია, რომელშიც ფიგურის ზომას, ადგილმდებარეობას და მონაცვლეობას შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. სადაც დამთვალიერებელი მის წინაშე გაშლილი მოქმედების თანამონაწილე, ამბის ნაწილი ხდება. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები კედლების თვალიერებით ეცნობოდნენ სამყაროს, რომელიც სიტყვებით გამოუთქმელი იყო. ბერძნული და რომაული, მოზაიკით მოპირკეთებული ნადიმის დარბაზები, მითების სამყაროში ჯადოსნური მოგზაურობაა. მონუმენტური კედლის მხატვრობა შუასაუკუნეების მმართველების სასახლეებში ალეგორიული ხერხით გადმოცემული სიბრძნეა. ფაშისტური გერმანიის და კომუნისტური საბჭოთა კავშირის კედლის მხატვრობა მძლავრი პროპაგანდისტული იარაღი, რომელიც ყალბ იდეალებს ემსახურება.
შეუძლებელია კედლის მხატვრობას დღეს მივუდგეთ ისევე, როგორც ეს კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იყო. შეუძლებელია ძველი დამაჯერებლობით გაიმეორო ადრე არაერთხელ ნათქვამი. შეუძლებელია გამეორებისას კვლავ დამაჯერებელი იყო. ამიტომ ამ პანოში ირონია იკითხება. ეს უნივერსალური ხერხი, ირონია ყველაზე გამოუვალი სიტუაციებიდან უნივერსალური გამოსავალია. შესაბამისად პანოს გაცნობისას მკაცრად ნუ განსჯით ავტორს და თქვენც სამყაროს აღქმის უნივერსალური იარაღი, იუმორი გამოიყენეთ.
სამი ფიგურა ალეგორიული პანოს ცენტრში
პანოს ცენტრალურ ნაწილში სამი ფიგურაა განთავსებული. ცენტრალურ ფიგურას ხელში ხილი უჭირავს და თითქოს პანოს დამთვალიერებელს უყურებს. მარჯვენა ფიგურას თავმომწონედ მარცხენა ხელი თეძოზე აქვს შემოდებული. მარჯვნივ და მარცხნივ მდგარ ფიგურებს უცნაური ობიექტი, ძველებური სამედიცინო ფონენდოსკოპი უჭირავს ხელში, რაც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე რომ ისინი სამყაროს მიყურადებას, სამყაროს მოსმენას
ცდილობენ. როდესაც ამ ფიგურებს ვუყურებთ შეიძლება პარისის სასამართლო გაგვახსენდეს. თუკი მაშინ პარისის წინაშე სამი მზეთუნახავი წარსდგა, რომელიც ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებოდა, ჩვენ ვუყურებთ სამი ადამიანის შეჯიბრს, რომლებიც მნახველის წინაშე ისეთებად არიან წარმოდგენილი როგორებიც არიან. შელამაზების, ეპითეტების გარეშე. შესაბამისად ეს არა გარეგნული სილამაზის არამედ, გონებრივი ძალების პაექრობაა. ამავე დროს პარისის სასამართლოსაგან განსხვავებით პანოზე წარმოდგენილი კომპოზიცია თავისუფალია გედერული სტერეოტიპებისაგან რომელიც ანტიკურ სამყაროში არსებობდა.
ხილი რომელიც ცენტრალურ ფიგურას უჭირავს ხელში ძველ ბიბლიურ ისტორიასაც, შემეცნების ნაყოფსაც გვახსენებს, რომელიც სამოთხის ბაღში იზრდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანული ტრადიცია ხილს ხშირად ვაშლის სახით გამოსახავს, ძველ აღთქმაში ისევე როგორც პანოზე არ არის დაკონკრეტებული რომელ ნაყოფზე არის საუბარი.
ერთგვარი გაგრძელება
სამი ფიგურის ერთგვარი გაგრძელებაა, კომპოზიციის მარჯვენა და მარცხენა ბოლოში მდგარი ფიგურები. მათ იმ ფერის სამოსი აქვთ როგორი ფერისაც არის ნაყოფი ცენტრალური ფიგურის ხელში. მარცხნივ მდგომ ქალის ფიგურას ხელში, შუშის ჭურჭელში მოთავსებული ყვავილი უჭირავს, რომელსაც გულმოდგინედ აკვირდება. ის
ბუნებას შეიმეცნებს. ხოლო მარჯვენა მხარეს მდგარი ფიგურა ჭოგრიტში იყურება. ის ცდილობს პანოს მიღმა სამყარო შეიმეცნოს. ორივე ფიგურა მარჯვნივ ანუ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით იყურება. რაც მიანიშნებს რომ ორივე, მამაკაცის და ქალის ფიგურაც მომავლზე არის ორიენტირებული.
ეკოლოგიური კონტექსტი
ერთ-ერთ ფიგურას, რომელსაც მწვანე პერანგი აცვია ხელში მწვანე დროშა უჭირავს. მწვანე დროშა ყველაზე მაღალი ობიექტია კომპოზიციაში. დროშა მარჯვნივ არის მიმართული რაც იმაზე მიანიშნებს რომ ქარიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ადამიანის მის საარსებო
გარემოსთან თანაარსებობა სწორი მიმართულებით, ჰარმონიულად უნდა განვითარდეს.
მწვანე კაბაში გამოწყობილ ქალის ფიგურას ხელში უცნაური ობიექტი უჭირავს, რომელსაც გულმოდგინედ აკვირდება. ობიექტი ატომის მოდელს მოგვაგონებს, ასე გამოხატავდნენ ატომს კედლის მხატვრობაში და ქანდაკებაში. ფიგურა გარემოსთან ფრთხილ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და ასევე გვიჩვენებს რომ ეკოლოგიურ საკითხებზე დაფიქრებისას ჩაღრმავება, დიდი ყურადღება არის საჭირო.
მარჯვენა მხარეს მდგარ მამაკაცის ფიგურას მწვანე შარვალი და თეთრი პერანგი აცვია. ის მწვანე ჭოგრიტში იყურება. ჭოგრიტი საათის ისრის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამგვარად ფიგურა თავისი მზერით წარსულში იყურება და მიგვანიშნებს, რომ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები ადამიანს თავისი წასულიდან მოსდევს.
პატარა არსებების სამყარო
პანოს ცენტრალური ნაწილიდან ოდნავ მარჯვნივ ორი ფიგურაა განთავსებული. მამაკაცის და ბავშვის. მამაკაცი მუხლებზე დგას, ცდილობს ბავშვის ფიგურას გაუტოლდეს, ცდილობს გააქროს ის ბარიერი რომელიც მასსა და ბავშვს შორის არსებობს. ორივე ფიგურა, მწერებს, პატარა არსებებს ეხმარება რათა მათ გარკვეულ, მაგრამ ჩვენთვის უცნობ მიზანს მიაღწიონ. ეს სცენა ინკლუზიურობის, თანასწორობის იდეის რეპრეზენტაციაა.
მიწვდე ვარსკვლავებს
კომპოზიციის მარჯვენა მხარეს დგას ფიგურა, იგი თითქოს გამჭვირვალეა. მას ხელები ვარსკვლავებისაკენ აქვს გაწვდენილი. იგი ვარსკვლავის მიწვდა და ახლა ვარსკვლავი ხელში უჭირავს, რაც მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობებზე მიანიშნებს. ადამიანის ძალისხმევას არ აქვს საზღვარი. ჩვენ შეგვიძლია ცაში ვარსკვლავებსაც მივწვდეთ.
ცაში ვარსკვლავებსა და ღრუბლებს შორის ადამიანის მიერ შექმნილი მექანიზმებიც დაფრინავენ. რაც მიანიშნებს რომ ადამიანის ხელით შექმნილი მოწყობილობები ცაში ისევე თავისუფლად გადაადგილდებიან, როგორც მაგალითად ვარსკვლავები ან ღრუბლები.
სიყვარული და მეცნიერება
პანოზე მარცხენა მხარეს ორი ფიგურაა გამოსახული. მამაკაცის და ქალის ფიგურები ერთმანეთს თვალებში უყურებენ. მათ ხელში დიდი ზომის კოლბა უჭირავთ. მეცნიერება ყოველთვის საყვარელ საქმესთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუკი ამ სიყვარულს შენი მეორე ნახევარიც იზიარებს მაშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ სამყაროში.
გალერეა
პროექტის შესახებ
ჰორიზონტი ევროპა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსების მთავარი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტია 95.5 მილიარდი ევრო. გლობალურ გამოწვევათა დაძლევის პარალელურად პროგრამა ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციების განხორციელებას, აძლიერებს მის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების, მხარდაჭერისა და იმპლემენტაციის პროცესში.
ჰორიზონტი ევროპა ევროკავშირის მეცხრე კვლევებისა და ინოვაციების პროგრამაა, რომელმაც „ჰორიზონტი 2020“ ჩაანაცვლა გარკვეული სიახლეებით: ღია მეცნიერების პრინციპები და პუბლიკაციებზე ღია წვდომა; მისიები - კონკრეტულ ვადებზე გაწერილ თამამ, ინსპირაციულ და განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ევროკავშირის პოლიტიკის მხარდასაჭერად მიზანმიმართული ამბიციური თანამშრომლობა ინდუსტრიასთან; ევროპის ინოვაციების საბჭო (EIC) - კერძო ინვესტორებისთვის დიდი რისკის მქონე, თუმცა განვითარებისა და გაუმჯობესების პოტენციალის მქონე ინოვაციების მხარდაჭერა.
ჰორიზონტი ევროპის დაფინანსების სქემა შედგება სამი სვეტისაგან. პირველი - Excellent Science ხელს უწყობს ინოვაციურ კვლევებს ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მეშვეობით, მობილობის დაფინანსების ინსტრუმენტია ასევე მარი სკლოდოვსკა კიურის (MSCA) გრანტები და კვლევითი ინფრასტრუქტურა.
მეორე სვეტი - Global challenge and European Industrial Competitiveness - გულისხმობს თანამშრომლობით პროექტებში თემატური კვლევისა და ინოვაციების დაფინანსებას. ეს სვეტი დაყოფილია ფართო თემატიკის ექვს კლასტერად და მიმართულია გლობალური გამოწვევების დაძლევისა და ბაზარზე ინდუსტრიული ლიდერობის შენარჩუნებისკენ.
მესამე სვეტი - Innovative Europe ახორციელებს ევროპის წამყვან პოზიციას ბაზრის განმსაზღვრელ ინოვაციებში და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას European Innovation Council (EIC) პროგრამის მეშვეობით. ასევე European Innovation Ecosystems (EIE) დახმარებით ხელს უწყობს ევროპის ინოვაციების არეალის განვითარებას. The European Institute of Innovation and Technology (EIT) კი თავის მხრივ მხარს უჭერს ბიზნესის, კვლევების, უმაღლესი განათლებისა და მეწარმეობის ინტეგრაციას.
Widening Participation and Strengthening the European Research Area, ჰორიზონტი ევროპის პროგრამის დაფინანსების კიდევ ერთი ნაწილი, ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციების შესაძლებლობათა გაზრდას ერთიან ევროპულ კვლევით სივრცესთან თანხვედრაში იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
პროექტზე მუშაობდნენ:
ანა ფიცხელაური - პროექტის მენეჯერი
ანანო ასპანიძე - პროექტის მენეჯმენტის სტაჟირების ხელმძღვანელი
სანდრო ასათიანი - დიზაინერი
გიორგი მაკასარაშვილი - Front-End დეველოპერი
გიგა ხუნდაძე - Front-End დეველოპმენტის სტაჟირების ხელმძღვანელი